მოსკოვის მახლობლად „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი სროლა პუტინის რეჟიმის ის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომლის შესახებაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოითქვა გაფრთხილება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
„ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაცია. სიბერეში შესულმა რუსმა დიქტატორმა პუტინმა (რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი-რედ.) თავისი თავის განმეორება დაიწყო. მან პოლიტიკური კარიერა ასეთი დანაშაულებით დაიწყო და ცდილობს, ამითვე დაასრულოს,“ - განაცხადა ანდრეი იუსოვმა ukrinform-თან კომენტარში.
პირველი კომენტარი გაკეთდა აშშ-შიც.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინას მოსკოვში საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან რაიმე კავშირი აქვს.
„ამ ეტაპზე არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინა ან უკრაინელები ჩართული იყვნენ,“ - განაცხადა კირბიმ.
ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვში თავდასხმის კადრები იყო შემზარავი.
რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ.
შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ.